English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
„ახალი კორონავირუსის“ (COVID-19) ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და მისი მოსალოდნელი შედეგები

ანოტაციაახალი კორონავირუსი (COVID-19)ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად იქცა თანამედროვე მსოფლიოში. მილიონობით დაკარგული სამუშაო ადგილი, გაზრდილი სიღარიბე, გარკვეული ტიპის ბარიერები სამედიცინო სერვისების მიღებისას, დაკეტილი სკოლები, გაჩერებული ეკონომიკა და ა.შ. წარმოადგენს იმ არასრულ სიას, რაც პანდემიამ მოიტანა, რაც მძიმე ტვირთად აწვება ნებისმიერ სახელმწიფოს, განსაკუთრებით გარდამავალიდა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. თუ რა გავლენა ექნება პანდემიას მსოფლიო ეკონომიკაზე, რომლის შემადგენელ ნაწილადაც საქართველოს ეკონომიკა უნდა მივიჩნიოთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მისი გავრცელების ტემპები. ამავდროულად მნიშვნელოვანია, თუ რა ვადებში იქნება შექმნილი ახალი ვაქცინა და მთავრობის სურვილზე სწრაფად და ეფექტიანად აღადგინოს პანდეემის შედეგად დაზარალებული ეკონომიკა. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებული არის სწორედ პანდემიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორები, დასახულია მათი გადაჭრის გზები და შემუშავებული გარკვეული ტიპის რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:COVID-19, საქართველის ეკონომიკა, ეკონომიკური პროცესები, სექტორული ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობები. 

შესავალი 

ახალი კორონა ვირუსი (COVID-19) თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად არის ქცეული, რადგან მან დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობის არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ მათ კეთილდღეობაზეც. 2019 წლისთვის ჩინეთის პროვინცია უჰანში გაჩენილი ვირუსი, სულ რამდენიმე თვეში მსოფლიო პანდემიად იქცა. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური ეფექტი ახლა უკვე შეუქცევად მოცემულობად უნდა აღვიქვათ. მილიონობით დაკარგული სამუშაო ადგილი, შემოსავლების შემცირება და სიღარიბე წარმოადგენს იმ არასრულ სიას, რაც პანდემიის შედეგებად უნდა განვიხილოთ. თუ რა ზეგავლენას მოახდენს პანდემია მსოფლიო ეკონომიკაზე, დიდწილად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების ტემპებზე, ასევე ვაქცინის შექმნის ვადებსა და სახელმწიფოს უნარზე, კონკრეტულ ვითარებაში ეფექტიანად მოქმედების უნარზე. მოცემულ სიტუაციაში კონკრეტული პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან არსებული სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. ასეთ ვითარებაში საკმაოდ რთულდება კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაც.

თითოეულ სახელმწიფოს პანდემიის მართვის საუკთარი ისტორია გააჩნია. ზოგიერთმა მათგანმა, განსაკუთრებით კი განვითარებულმა ქვეყნებმა, არსებულ სიძნელეებს  თავი გარკვეულწილად გაართვა, ხოლო უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები, მძლავრი ეკონომიკური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა. გარდა ჯანდაცვის სისტემის წნეხისა, პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი განსხვავებული ინტენსივობით გრძნობს ნეგატიურ ეფექტებს, ხოლო სხვადასხვა ქვეყანაში არსებული უარყოფითი გავლენა განსხვავებული ინტენსივობით ხასიათდება, რადგან აღნიშნული ქვეყნები ხასიათდება სპეციფიკური ფაქტორებით და თავისებურებებით.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეულ ზეგავლენას სხვადასხვაგვარად აფასებს. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი მის მიერვე გავრცელებულ ანგარიშში, განიხილავს პანდეემის შედეგების სამ სცენარს: საუკეთესო, საშუალო და უარესი სცენარი, რომლის კვლევის თანახმად, პანდემია $77 მლრდ აშშ დოლარიდან (მშპ-ს 0,08%) $347 მლრდ აშშ დოლარამდე (მშპ-ს 0,4%) ზიანს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას (ADB, 2020 გვ.9). გაეროს კვლევის თანახმად, მსოფლიოში ეკონომიკის ზრდა -2,5%-ს მიაღწევს, ხოლო ზარალი კი ტრილიონ დოლარს მიაღწევს (UN, 2020: გვ. 1). უფრო უარესი სცენარის მიხედვით, აღნიშნული მონაცემი შეიძლება გაორმაგდეს. შედარებით დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, რადგან მოსალოდნელია ასეთი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპების მინიმუმ 1%-იანი შემცირება (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი: გვ 2). მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენებას ელოდებიან განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ახალი კორონავირუსის მიმართ საქართველოს ეკონომიკა მაღალი მოწყვლადობით ხასიათდება. ყოველივე ეს გამოწვეული არის სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორებით. უპირველეს ყოვლისა, გამოსაყოფია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა, სადაც ფაქტობრივად ყველაზე მეტად დაზარალდა ისეთი მნიშვნელოვანი დარგები, როგორიცაა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, მშენებლობის სექტორი. რაც შეეხება ტურისტულ სექტორს. მისმა გაჩერებამ ორმაგი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, რადგან აღნიშნული სექტორის გაჩერებით მნიშვნელოვნად დაზარალდა შრომის ბაზარი, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით, ტურიზმიდან მიღებული ფინანსური კაპიტალი, ფულადი გზავნილები, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ლარის გამყარების წინაპირობას ქმნიდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა შრომის ბაზრის სტურქტურასთან დაკავშირებით, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა შორის მაღალია ე.წ. „პრეკარიალურ“ და არასტაბილურ სამსახურებში დასაქმებულთა წილი, როგორიცაა მომსახურების სფერო, ატიპიური დასაქმებები, სეზონური დასაქმება თუ სხვა. ასეთ პირობებში, უნდა ვივარაუდოთ უმუშევრობის გაზრდა, სადაც დაქირავებით დასაქმებულ მშრომელთა საერთო რაოდენობის 30%, სამსახურის დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, ხოლო თვითდასაქმებულთა 83,5%-ს მოუწევს შემოსავლების ვარდნასა და შემცირებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან გამკლავება (ISET 2020: გვ.3).

მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, საქართველოსთვის იქმნება დადებითი ეფექტი, რაც გამოიხატება იმ ფაქტში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოელის ევროპის საზღვრების სიახლოვით, მიწოდების ჯაჭვის შექმნას. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ახალი გლობალური წესრიგით, ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით. 

„ახალი კორონა ვირუსის“ (COVID-19)-ის სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა 2020 წლის 30 იანვარს ჯანმოს მიერ კორონავირუსის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამის მასიური გავრცელებით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია, რის გამოც ქვეყნის ორ ქალაქში სრული კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოს ხელისუფლება ჰქონდა მომზადების საკმარისი დრო. მთავრობის პირველი ნაბიჯები მიმართული იყო მოზომილი გაფრთხილებები, ხოლო ჩინეთში სიტუაციის დამძიმებასთან ერთად, საქართველოს ხელუსფლებამ მიიღო საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მაღალი რისკის ქვეყნებიდან. მარტში ვირუსის შეკავების პრევენციის მიზნით, მთავრობის ქმედებები კიდევ უფრო სტრუქტურიზებული გახდა, რაც გამოიხატებოდა საზღრების კონტროლის გამკაცრებით. უკვე მარტის შუა რიცხვებიდან უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყო შეზღუდვების შემოღება, რაც გამოიხატებოდა კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებების გადადებით. აგრეთვე, გაიცა რეკომენდაცია დისტანაციურ მუშაობაზე გადასვლის შესახებ. აპრილის შუა რიცხვებიდან კი, გარკვეული გამონაკლისების გარდა, შეწყდა თითქმის ყველა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის დაწესდა შეზღუდვები საქალქათაშორისო მოძრაობაზე, ავტომობილებით გადაადგილებაზე, გამოცხადდა კომენდატის საათი.

ეკონომიკის სრული იზოლაციით ქვეყნის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 24 აპრილს წარდგენილ იქნა ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმა, რომელთა შორის ინტერვალი 2 კვირას შეადგენდა. თუმცა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ვადები დაჩქარდა. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ იქნა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მოსახლეობის და ბიზნესის დახმარებას. აღნიშნული გეგმა ძირითადად სოციალურ ხასიათს ატარებდა, რათა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში შემცირებულიყო ნეგატიური ზეგავლენა. რიგითი მოქალაქისთვის უნდა გამოვყოთ კომუნალური მომსახურების თანადაფინანსების მექანიზმი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის,  6 თვის განმავლობაში 200 ლარის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა სამუშაო ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს (დაახლოებით 350,000 ადამიანი მიიღებს ამ , დახმარებას). ერთჯერადი დახმარება გაიცემა ბავშვიან ოჯახებზე (200 ლარი თითო ბავშვზე), ხოლო ბიზნეს სუბიექტებისთვის საგადასახადო ვალდებულებების გადავადება, კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, საპროცენტო განაკვეთის გადახდის გადავადება სამი თვის ვადით (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის).

გარდა ამისა, დამსაქმებლები მიიღებენ სუბსიდიას, თუ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს. კერძოდ, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე დარიცხული ხელფასი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. თვითდასაქმებულები ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული მოსახლეობა, ერთჯერადად მიიღებს 300 ლარის დასაქმებას. 600 ლარს მიიღებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ამავე კატეგორიის მქონე ბავშვები.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის დიდი ნაწილი (დაახლოებით 2 მლრდ. დოლარი) საერთაშორისო დონორების მხრიდან იქნა მოპოვებული, რომელიც ძირითადად გრანტებისა და საკრედიტო სქემებისგან შედგება. აღნიშნული დახმარების დიდი ნაწილი ევროკავშირზე მოდის, რომელიც 3 პაკეტად განხორციელდა. პირველი პაკეტით საქართველომ მიიღო გადაუდებელი სამედიცინო მარაგები, დაუცველი ჯგუფებისვის დახმარება და ფინანსური დახმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. მეორე პაკეტი, რომელიც მოიცავდა 183 მლნ. ევროს, ძირითადად განკუთვნილი იყო სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების მხარდასაჭერად. მესამე პაკეტით გათვალისწინებული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ფინანსური დახმარება, საერთო ჯამში 150 მლნ. ევროს ოდენობის კრედიტი, საკმაოდ მიმზიდველი ხელსაყრელი პირობებით.

ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარდა, მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები გაიღეს ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (200 მლნ. აშშ დოლარი ბიუჯეტის მხარდასაჭერად); ევროპის საინვესტიციო ბანკი (200 მლნ. ევრო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის და ფისკალური საჭიროებისთვის); მსოფლიო ბანკი (80 მლნ. აშშ დოლარი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად პანდემიის ეფექტების შესამცირებლად); საფრანგეთის განვითარების სააგენტო (70 მლნ. ევრო ენერგოსექტორისთვის და 50 მლნ. ევრო სოციალური რეფორმირებისთვის).

საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყიფე და მგრძნობიარეა ნებისმიერი კრიზისის მიმართ. აღნიშნული მის სტრუქტურაში უნდა ვეძიოთ, რადგან იგი დიდი დოზით არის დამოკიდებული ტურიზმზე, ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა თუ ფულად გზავნილებზე. მოთხოვნის კლება, უმუშევრობის გაზრდილი დონე, ინფლაციური პროცესები, შემოსავლის კლება ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან - ყველაფერი ეს ის ეკონომიკური ეფექტებია, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად გრძნობს.

შესაბამისი იყო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები. პირველადი პროგნოზების გამოქვეყნება აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მარტის დასაწყისიდან დაიწყეს. აღნიშნული პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტური იყო, თუმცა ვირუსის გავრცელების პარალელურად, პროგნოზი საკმაოდ გაუარესდა. ყველაზე დიდი დარტყმა მოელოდა ექსპორტს და ტურიზმს. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში რეცესიური პროცესი უფრო ღრმა და ნეგატიური იქნებოდა, ვიდრე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისი, რადგანაც ეს პანდემიის ხანგძლივობასა და მის მართვაზე არის დამოკიდებული.

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უნდა განვიხილოთ მოთხოვნისა და მიწოდების შოკების ერთობლიობით. მაკროეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ მთლიანი მოთხოვნის შემცირება იწვევს ფასების შემცირებას. თუმცა, ამ ეფექტს პროდუქტიულობის შოკი და  სახელმწიფო შეზღუდვების შედეგად გაზრდილი ხარჯები აერთიანებს.

მას შემდეგ, რაც გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და მთავრობის გადაწყვეტილებით ეტაპობრივად აღდგა ეკონომიკის ფუნქციონირება, დაწესდა გარკვეული ტიპის რეგულაციები. ყოველივე ეს ვირუსის გავრცელების პრეცენციის მიზნით იყო განპირობებული. ყოველივე ეს პროდუქციის წარმოების ხარჯებს აძვირებდა. ასეთი ტიპის ხარჯები ყველაზე მტკინვეულად მომსახურების სექტორს შეეხო. ხარჯების ზრდა კი ფასებზე აისახა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, თუმცა პანდემიის პირობებში მისი პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა, რაც მისი რეკორდული გაუფასურებით აღინიშნა. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულ პროცესს სავალუტო რეზერვების გაყიდვის რამდენიმე ტალღით უპასუხა, რათა შეესუსტებინა დევალვაციის პროცესი. 2020 წლის ივლისის ბოლოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,0719 ლარი შეადგინა, რაც საქართველოსთვის, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციური ზეწოლის და სოციალური მდგომარეობის გაუარესების მძიმე ფონს ქმნიდა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ გარკვეულ საკვებ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამის ამოქმედებით უპასუხა, რომლის მიზანს გარკვეული ტიპის პროდუქციაზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენდა. პანდემიის პირობებში, ნავთობის ფასების მკვეთრმა დაცემამ, ფასების ზრდის და ინფლაციის განაკვეთზე დაღმავალი ეფექტი შეუნარჩუნა, რამაც ოდნავ დააბალანსა სხვა ნეგატიური შოკები.

2020 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონე 5,7%-მდე გაიზარდა. მასზე გავლენა იქონია ფასების ზრდამ. შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.5% ზრდა), ალოკოჰოლური სასმელები და თამბაქო (9,0%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3,2%), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (2,8%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (9,8%), ჯანმრთელობის დაცვა (7,2%), ტრანსპორტი (-9,3%), კავშირგაბმულობა (0,5%), დასვენება, გართობა და კულტურა (-1,2%), განათლება (3.2%), სასტუმროები, კაფეები, რესტორნები (7,4%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (10,9%) (საქსტატი, 2020:3).

აღნიშნული ფაქტორების გამო ინფლაციური პროცესების შემცირების ტენდენცია შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. სექტემბერში ინფლაციამ 3,8%-მდე დაიკლო, ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, ივნისიდან მთლიან ინფლაციას აჭარბებს, თუმცა მასაც კლების ტენდენცია აქვს და ის სექტემბერში 4.7%-მდე შემცირდა (საქართველოს ეროვნული ბანკი, ნოემბერი 2020:19). საბაზო ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთლიან ინფლაციასთან შედარებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსის გაუფასურებით და პანდემიის გამო, ფირმების საოპერაციო ხარჯების ზრდით გამოწვეულ პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება.

გაზაფხულზე, პანდემიის დაწყებისას, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. პანდემიის პირველი ტალღის გადავლის პარალელურად, ნავთობის ფასებმა აღდგენა დაიწყო, თუმცა წლიურად ნავთობი მაინც მნიშვნელოვნად გაიაფებულია. საქართველოში საწვავი აპრილიდან წლიური ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებს. მართალია, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საწვავი გაძვირდა, წლიურ გამოხატულებაში ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიაფების გავლენამ მთლიანი ინფლაციის შემცირებაში ჯამში 0.9 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა.

მიმდინარე პროგნოზებს თან დიდი გაურკვევლობა ახლავს. ეკონომიკური ვითარების გაუარესებამ, შესაძლოა, დამატებითი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ვირუსის მეორე ტალღის გავრცელების შედეგად შემოღებული გამკაცრებულ ზომები ეკონომიკურ აქტივობას შეკვეცს, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ ინფლაციის კუთხით გამოიწვევს დაღმავალ ზეწოლას. იგი მხოლოდ დაბალანსდება გამკაცრებული რეგულაციების შედეგად გაზრდილი დანახარჯების ეფექტით. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შედეგად, ინფლაციური პროცესებს ზრდის პერსპექტივა გააჩნია, რაც შეიძლება გახდეს ექსპორტიდან შემოსავლების და ფულადი გზავნილების შემცირების მიზეზი, რაც უარყოფითად აისახება ლარის გაცვლით კურსზე, რაც გააჩენს ფასების ზრდის მოლოდინს.

ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მონეტარული პოლიტიკის ფრთხილი და ზომიერი რეაგირების პოლიტიკა, რათა აცილებულ იქნას კეთილდღეობის ის დანაკარგები, რაც მკვეთრ ცვლილებას მოჰყვება ხოლმე. არსებობს დასაბუთრებული ვარაუდი, რომ მკაცრი პოლიტიკის ფაზიდან გამოსვლა ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს. ამასთან, შესაძლოა საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეზე დაბლა ნიშნულზე შენარჩუნდეს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ეკონომიკის პოტენციურ ზრდაზე. ეს უკანასკნელი კი დიდი ალბათობით საპროგნოზო დონესთან შემციდება, რაც ნეიტრალურ განაკვეთს დაღმავალი მიმართულებით ცვლილებისკენ მიანიშნებს. ამავდროულად გასათვალისწინებელია საგადასახდელო ბალანსის კიდევ უფრო გაუარესების მოლოდინი, რამაც, პირიქით, ნეიტრალურ განაკვეთზე აღმავალი ზეწოლა მოახდინოს. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის რეაგირება დამოკიდებული იქნება ამ ორი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორების ერთობლიობაზე.

COVID-19-მა ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის ინდუსტრიას მიაყენა, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების კუთხით. დღესდღეობით საკმაოდ რთულია იმის შეფასება, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია საერთაშორისო ტურიზმზე, თუმცა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წელს ტურისტული შემოსავლების დაახლოებით 1-3%-იანი შემცირება არის ნავარაუდევი, მაშინ, როდესაც წინასწარი პროგნოზით ვიზიტორების რაოდენობა 3-4%-ით უნდა გაზრდილიყო (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2020: გვ. 9).

ბოლო ათწლეულია საქართველოსთვის ტურისტული შემოსულობები ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, ხოლო აღნიშნული სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში საშუალოდ 9-11%-ის ფარგლებში მერყეობს. 2019 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 9 მლნ.-იან ნიშნულს, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, +7,8%-იან ზრდას ნიშნავს,  ხოლო მთლიანი დანახარჯების მოცულობამ დაახლოებით 2,1 მლნ. ლარი შეადგინა (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, 2019:6, 26). ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეგვიძლია ადვილად ვივარაუდოთ, თუ რა დარტყმას მიიღებს ტურიზმის ინდუსტრია და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ, შესაძლოა, პანდემიამ სეზონური ხასიათი მიიღოს და, მასთან ერთად, მოგვიწიოს თანაცხოვრება. თუ დავუშვებთ, რომ მიმდინარე წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა, ზარალი მინიმუმ 2 მლრდ ლარს გაუტოლდება, რადგან საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში დაახლოებით 2 მლნ. ტურისტი სტუმრობდა, რომელთა საშუალო დანახარჯმა 890 ლარი შეადგინა (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2020: 6).

ასეთ რთულ პირობებში ტურიზმის სფეროს ირგვლის რამდენიმე ტიპის გამოწვევა უნდა დავასახელოთ. პირველი, რა ზიანს მიიღებს ტურისტული სეზონი მოკლევადიან პერიოდში, რამდენად შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და როგორი იქნება სახელმწიფოს როლი მისი დახმარების პროცესში. მეორე,  როგორ მოახდენს ტურისტული სექტორი ახალ რეალობასთან ადაპტირებას და რამდენად შეძლებს ტურიზმის ინდუსტრია განახლებას უახლოეს მომავალში.

ტურისტების შემცირება მკვეთრად ნეგატიურად აისახება სარესტორნო ბიზნესზე. მასზე გავლენას მოახდენს, არა მხოლოდ ტურისტების შემცირება, არამედ სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება, როგორიცაა დისტანციის დაცვა. ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად საკმაირისია აღინიშნოს ისეთი მონაცემები, როგორიცაა დასაქმება ტურისტულ ბიზნესში, სადაც 2019 წლის მონაცემებით დაახლოებით 49 ათასი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სფეროში 199,4 ათასი ადამიანი.

ტურიზმის ინდუსტრიის დახმარებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული და მისთვის სპეციფიკური დახმარების პროგრამა შეიმუშავა. მარტში სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ იქნა 100 მლნ. ლარი. 24 აპრილს გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, გაორმაგდა დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი, ხოლო ტურისტული კომპანიები გათავისუფლდნენ ქონების და საშემოსავლო გადასახადისგან 1 ნოემბრამდე. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა, რაც მათ აძლევდათ დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.  მიუხედავად ამისა, იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ დღეს ტურისტული კომპანიების დიდი ნაწილი გაკოტრდება, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგავს დამატებითი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს.

გარდამავალი პერიოდის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც უნდა განვიხილოთ ვალუტის სიმყარის ერთ-ერთ წინაპირობად. აღნიშნული მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის უნდა გამოვყოთ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ფინანსური ლიბერალიზაციის დონე, ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, წარმოების ფასები, საკანომდებლო გარემო, საგადასახდელო სისტემის გამჭვირვალობა და ა.შ.

ბოლო რამდენიმე წელია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა კლების ტენდენციით ხასიათდება (გამონაკლისს წარმოადგენს 2017 წელი, როდესაც მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა). სწორედ აღნიშნულ წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი პირპდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, განხორციელდა, რა 1978,3 მლნ. დოლარის ინვესტიცია. ბოლო რამდენიმე წელია, საკმაოდ გამძაფრდა კონკურენცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მასზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. ამავდროულად, მკვეთრად არის შემცირებული მასზე ხელმისაწვდომობა, რასაც ცხადყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც აღნიშნულია მისი 30-40%-იანი კლების ვარაუდი (UNSTAD. 2020: 2).

2020 წლის პირველ სამი კვარტალის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა 719 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 37%-ით 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მთავარ ინვესტორ ქვეყნებად კვლავ რჩება გაერთიანებული საემიროები, ნიდერლანდები, თურქეთი და აშშ. 2020 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად დაეცა კაპიტალის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. შედეგად, ინვესტიციების სტრუქტურამ შემდეგი სახე მიიღო (იხ. ცხრილი). მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ტურიზმის სექტორში. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით (ათასი აშშ. დოლარი)

[https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi] 

 

2019 წელი

2020 წელი

I კვ.

II კვ.

IIIკვ.

I კვ.

II კვ.

IIIკვ.

სულ

313,695.5

236,571.3

396,035.5

174,695.8

241,634.7

302,620.3

მათ შორის

 

 

 

 

 

 

სააქციო კაპიტალი

106,502.1

151,698.4

262,796.2

25,402.9

125,312.1

97,358.0

რეინვესტიცია

123,329.0

88,499.0

239,021.1

133,776.9

144,653.5

133,597.0

სავალო ვალდებულებები

83,864.4

-3,626.1

-105,781.8

15,515.9

-28,331.0

71,665.3

პანდემიამ სერიოზული უარყოფითი ეფექტი მოახდინა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შეზღუდვები არ დაუწესებიათ საერთაშორისო ვაჭრობაზე, ის პრობლემები, რაც ამ ქვეყნებში წარმოიშვა, „დომინოს ეფექტით“ გადაეცემა მათ მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე, რაც გამოიხატება აგრეგირებული მოთხოვნის შემცირების თვალსაზრისით. ყოველივე ამას ნათლად ადასტურებს ვაჭრობის შემცირების მზარდი დინამიკა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი დინამიკის ნიშნები ჯერ კიდევ თებერვლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ პერიოდიდან აღინიშნება მნიშვნელოვანი კლება ექსპორტის თვალსაზრისით, როდესაც იანვარ ივლისში საქართველოს ეკონომიკამ ექსპორტის 18,5%-იანი და იმპორტის 17,9-იანი კლება განიცადა (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2020: 7). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას პანდემიის უარყოფითი ეფექტის ნიშნები 2020 წლის თებერვლიდან დაეტყო. აღნიშნული პროცესი ივნისამდე გაგრძელდა. თუმცა, გარკვეული დადებითი ეფექტი შეიშნებოდა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის თვალსაზრისით. 2020 წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტი ბულგარეთში, შვეიცარიასა და ესპანეთში გაიზარდა, შესაბამისად,  13,7%, 33,3%, და 25,1%-ით. ექსპორტის შესამჩნევი კლება მოხდა სომხეთში, უკრაინაში, აშშ-ში, რუსეთსა და აზერბაიჯანში

ცალკე უნდა აღინიშნოს რუსეთის ბაზარი. 2020 წელს აღნიშნულ ქვეყანაში სავალუტო კრიზისი დაიწყო, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ნავთობის ბაზარზე ფასების ვარდნით. რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ლარის გაცვლით კურსზე, რადგან ბოლო წლებში საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი მნიშვნელოვნად იზრდებოდა, რისი დასტურიც არის 2020 წლის მთლიანი ექსპორტის 13,2%. რუსული რუბლის კურსის ვარდნა განსაკუთრებით აისახება ისეთ სფეროებზე, რომლის ექსპორტშიც რუსეთის წილი განსაკუთრებით მაღალია. პირველ რიგში, ეს შეეხო ღვინის ექსპორტს

 დასკვნა რეკომენდაციები 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ქვეყნის ეკონომიკა ლიბერალიზაციის შედარებით მაღალ საფეხურზე გადადის, რაც საქართველოსთვის სასარგებლო ფაქტად უნდა მივიჩნიოთ, რაც ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის გაზრდას. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ინვესტორთა ნდობის გაზრდას.

საქართველოს წარმატება ვირუსის შეკავების საქმეში, რამდენიმე ფაქტორით უნდა აიხსნას. ხელისუფლების მიერ შემოღებული ე.წ. „ლოქდაუნი“ ძალიან ჰგავს სხვა ქვეყნებში ხელისუფლების მიერ ვირუსის შეკავების თვალსაზრისით განხორციელებულ ქმედებებს. თუცმა, აქ უნდა გამოვყოთ რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი. საქართველომ ამ ზომების მიღება სხვა ქვეყნებთან შედარებით ადრე დაიწყო. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა სამედიცინო პერსონალმა, რათა დროულად დაედგინათ და იზოლირება მოეხდინათ კონკრეტული „კლასტერების“ ყველა კონრაქტი.

დღეს საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება თუ რა გავლენას მოახდენს ეპიდემიური სურათი ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. ამავდროულად, საკმაოდ რთული იქნება ეკონომიკის თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა, რადგან ლოკდაუნიდან გამოსვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური საქმიანობა ჩვეულ რიტმში აღდგება, რადგან შოკის ნეგატიური ასპექტების უმრავლესობა რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ დაიძლევა. ამავდროულად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტიანად გადანაწილდება საერთაშორისო დახმარების შედეგად მიღებული დახმარება. აქამდე მიღებული ზომები ეკონომიკური და სოციალური შოკების დაძლევისკენ იყო მიმართული.

არსებული მონაცემებით COVID-19-მა საკმაოდ მძიმე ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. ეს ეფექტი რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული. კერძოდ, მთავრობის მიერ ეკონომიკური გამოწვევების სწორად გააზრების უნარზე. დღესდღეობით, ხელისუფლება მიმდინარე გამოწვევებს გარკვეულწილად უმკლავდება, მართავს რა სამედიცინო საფრთხეებს და ჰუმანიტარულ ამოცანებს. თუმცა, გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტების შეფასებისთვის შედარებით შეზღუდული ფინანსური რესურსი რჩება.  შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, საკმაოდ რთულია სტიმულირების პაკეტების ინიცირება, შეზღუდვების დაწესება და ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯების ეკონომიკური ფასის განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის ე.წ. შეღავათების შეთავაზებას არ ქონდეს ისეთი ხასიათი, როგორიც მაგალითად, საბანკო „შეღავათიანი პერიოდის“ მექანიზმს, რომელიც მექანიკურად გაქცევს ამ რეჟიმში და მისი დატოვებისთვის გიწევს აქტივობის განხორციელება და არა მასში ჩართვისთვის. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, მნიშვნელოვანია არ შეიზღუდოს მოქალაქეთა ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრიზისის ვადები, ასევე სახელმწიფოების მხრიდან მასზე გამკლავების უნარი. გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მათ შორის საქართველო, დიდად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო დახმარების მასშტაბებზე, რომლის მობილიზებასაც ეს ქვეყნები შეძლებენ. კიდევ უფრო დიდი როლი მიენიჭება ელექტრონული მმართველობის რეფორმის დაჩქარებას და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს კერძო ინვესტიციებმა, ანუ თუ რამდენად შეძლებს ადგილობრივი ბიზნესი თვითორგანიზებას, ახალი ტიპის სერვისისა თუ მომსახურების შემუშავებას, რომელიც არსებულ გამოწვევებს მეტწილად უპასუხებს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) - „პანდემიის მიმოხილვა - ეკონომიკური ზეგავლენა და შედეგები საქართველოში“ თბ. 2020 გვ. 2,26
  2. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) – COVID-19: ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის თბ. 2020 გვ. 2,9
  3.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) - სამუშაო ძალის გამოკვლევა, თბ. 2018
  4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) - ინფლაცია საქართველოში ივლისი თბ. 2020. გვ. 3
  5. ISET (International School of Economics at TSU Policy Institute) – COVID-19-ის სოციალური ეფექტი - უნივერსალური დახმარების შემოღების საფუძველი თბ. 2020 წ. გვ.3. ხელმ.  https://drive.google.com/ file/d/1O_6b3eglhhQXSeTzoTlX8G90tRjh87E_/view
  6. საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) - მონეტარულ პოლიტიკის ანგარიში, ნოემბერი 2020,  გვ. 19; ხელმისაწვდომია https://www.nbg.gov.ge/ uploads/ publications/moneratyfiscal/2020/2020q4_geo_241120.pdf
  7. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - წლიური ანგარიში: „საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა 2019“ გვ. 26
  8. UNSTAD “World Investment Report 2020. International Production Beyond the Pandemic.” pg. 2  https://unctad.org/en/pages/PublicationWebflyer.aspx?publicationid=2769
  9. Asia Development Bank (ADB) - The Economic Impact of the COVID-19 Outbreak on Developing Asia 6 March, 2020 pg. 9, ხელმისაწვდომია: https://www.adb.org/sites/default/ files/publication/571536/ adb-brief-128- economic-impact-covid19-developing-asia.pdf
  10. United Nation (UN) – “The Coronavirus shock: a story of another global crisis foretold and what policymakers should be doing about it” 9 March, 2020 pg.1, ხელმისაწვდომია: https://unctad.org/system/files/official-document/gds_tdr2019_update_coronavirus.pdf
  11. International Monetary Fund (IMF) – World Economic Outlook, April 2020: The Great Lockdown. გვ. 1, 23 ; ხელმისაწვდლომია: https://www.imf.org/en/Publications /WEO/Issues/2020/04/14/weo-april-2020#Introduction
  12. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/ pirdapiri-utskhouri-investitsiebi